logo
ENG



მერია "ოქროს უბანში" მოქალაქეებს უკანონოდ დაკავებული ფართების დაცლისკენ მოუწოდებს

25 იან 202112:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/25/iopqclf4u6c98te.jpg

თბილისის მერია ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ, ჩუბინაშვილის 52 / კონსტიტუციის ქუჩის 6-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში მცხოვრებ დევნილებსა და ასეთი სტატუსის არმქონე სხვა მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყონ საცხოვრებელი ფართების დაცლა. როგორც ბრიფინგზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, აღნიშნულ მონაკვეთზე მოქალაქეები საცხოვრებელ ფართებში უკანონოდ არიან შეჭრილები.

ჩიკვილაძის თქმით, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მოიძიეს ფართები, სადაც შეიძლება გამოსახლებული ოჯახების ქირით მოთავსება. გარდა ამისა, ჩიკვილაძის განცხადებით, შენობა-ნაგებობის მესაკუთრე კომპანიამ, ცენტრ-პოინტმა სურვილი გამოთქვა, ფინანსურად დაეხმაროს იმ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან ქონება ან ფულადი დახმარება არ მიუღიათ.

"მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, რამდენჯერმე შევხვდით ამ ოჯახებს და არაერთხელ განვუმარტეთ, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დატოვებენ სხვის საკუთრებას“, - განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა.

ჩიკვილაძის თქმით, მერიისთვის პრიორიტეტია, რომ ღია ცის ქვეშ არავინ დარჩეს.

"მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს აშკარა კანონდარღვევასთან, ჩვენთვის პრიორიტეტია ღია ცის ქვეშ არავინ დარჩეს, მით უმეტეს, რომ ამ ოჯახებში მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ. შესაბამისად, ყველა ამ ოჯახს მიეცა განმარტება, მათ შორის, წერილობითაც, ასევე, დაპირება, რომ მათ ექნებათ ქირით უზრუნველყოფილი ფართები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ზემოთხსენებულ პირებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ უკანონოდ დაკავებული ფართების დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მივმართოთ შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ჩიკვილაძის განცხადებით, შენობაში შეჭრილი ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, თავის დროზე დაკმაყოფილებულები არიან სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართებით და ფულადი კომპენსაციებით.

 

 


close დახურვა